‘’შენდობით მომიხსენიეთ’’ - ასე ეწოდება დავით აფაქიძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ბუკია ვახანიას თბილისის საგამოფენო სივრცეში მიმდინარეობს. გამოფენა შთაგონებულია სერგო ფარაჯანოვის ცენზურა გავლილი კინოსცენარით ‘’შუშანიკის წამება’’. დავით აფაქიძის ნამუშევრები ამ უძველესი ჰაგიოგრაფიული ტექსტის ფარაჯანოვის ხედვასა და ჩანახატებს ეფუძნება, რომლებიც რეჟისორმა თავისივე სცენარს დაურთო. დედოფალ შუშანიკის გამოსახვით აფაქიძე ხაზს უსვამს ადრეული ქრისტიანობის ტრადიციას და მარტვილობას, ასკეტიზმს, ექსტაზის გამოცდილებას ღვთაებრივთან, ტრანსცენდენტურთან მიახლოების გზად წარმოაჩენს. 

დავით აფაქიძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით სწავლობდა, სადაც არტისტის ძირითადი ფოკუსი შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხელოვნება იყო. სწორედ ეს გავლენა და ადრეული ინტერესი დღემდე განსაზღვრავს ხელოვანის შემოქმედების ხასიათს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების სერია აცოცხლებს იმას, რაც აიკრძალა, წაიშალა და ვერ განხორციელდა, როგორც ფილმის პროექტი. გამოფენა ‘’შენდობით მომიხსენიეთ’’ 3 აპრილს გაიხსნა და დამთვალიერებლებს 24 მაისამდე უმასპინძლებს.