პარიზის მოდის კვირეულზე Louis Vuitton-ის მამაკაცის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელიც ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და გამორჩეული ჩვენებაა. სერფინგის, ზღვისა და კალიფორნიის სანაპიროს ცხოვრების კულტურით შთაგონებულმა ატმოსფერომ ჩვენებას განსაკუთრებული კინემატოგრაფიული ხასიათი მიანიჭა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ დიდ სცენაზე მთავარი ელემენტი დიდი ხელოვნური ტალღა იყო, რომელიც სერფერებისადმი მიძღვნილ ოდას წარმოადგენდა.  

ახალი კოლექცია მნიშვნელოვნად ეხმიანება სერფინგის კულტურას, თუმცა ასევე წარმოდგენილი იყო უფრო კლასიკური, Louis Vuitton-ისთვის დამახასიათებელი ელეგანტური სილუეტები. კოლექციის ნაწილია საზაფხულო შარვლები და შორტები, ჯინსები, თხელი ქურთუკები, კლასიკური კოსტიუმები და პიჯაკები, მონოგრამით გაფორმებული ჩანთები, ჩემოდნები და აქსესუარები, მათ შორის - სერფინგის დაფები. ისევე როგორც ახალ კოლექციაზე, სცენოგრაფიასა და გარემოს დასამახსოვრებელ დიზაინზეც Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა - ფარელ უილიამსმა იმუშავა. 

როგორც ფრანგული მოდის სახლი აღნიშნავს, 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ეფუძნება "Dandy surfer" სტილს, რომელიც ელეგანტურ და დახვეწილ სილუეტებს თავისუფალ, სანაპირო ცხოვრების ესთეტიკასთან აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ახალი კოლექციით ბრენდმა ასევე ხაზი გაუსვა გარემოსდაცვით თემას - ოკეანეების დაცვისა და მარჯნის რიფების აღდგენის შესახებ.