თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბელგიური სახლი - Ann Demeulemeester - თბილისისთვის სპეციალურად შექმნილ ლიმიტირებულ კაფსულ-კოლექციას წარადგენს. პროექტი, რომელიც ქართული კონცეპტუალური სივრცის, Concept STAR-ისა და იტალიური Antonioli Group-ის თანამშრომლობით განხორციელდა, ქართული მოდის სფეროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კაფსულ-კოლექციის პრეზენტაცია 22 ოქტომბერს Stamba Tbilisi Rooftop-ზე გაიმართება და ორ კომპანიას შორის გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისს აღნიშნავს.
2020 წლიდან Ann Demeulemeester იტალიელი მოდის მეწარმის, კლაუდიო ანტონიოლის მფლობელობაშია, ხოლო 2023 წელს ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი სტეფანო გალიჩი გახდა. დიზაინერმა მოდის სახლისთვის დამახასიათებელი პოეტური და მეამბოხე ესთეტიკა ახალი თაობის კულტურულ ინტერესებთან დააკავშირა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მუსიკას, ახალგაზრდულ სუბკულტურებსა და თანამედროვე ვიზუალურ ენას.
სწორედ გალიჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი კაფსულა-კოლექცია, რომელიც თბილისს ეძღვნება.

Concept STAR-ისა და Ann Demeulemeester-ის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ქართულმა მულტიბრენდულმა სივრცემ ბელგიური მოდის სახლის კოლექციები საკუთარ ბრენდებს შორის გააერთიანა. თანამშრომლობის ახალი ეტაპი 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის პარიზში, Ann Demeulemeester-ის შოურუმში გამართული შეხვედრების შემდეგ დაიწყო. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ Concept STAR თბილისში პირველად წარადგენდა ბრენდის მამაკაცის კოლექციას.
პარიზში დაწყებული დიალოგი თანდათან უფრო მასშტაბურ პარტნიორობად ჩამოყალიბდა. 2026 წლის ზაფხულში Antonioli Group-ის დამფუძნებელი კლაუდიო ანტონიოლი და კომპანიის ხელმძღვანელები თბილისს ეწვივნენ, რათა უშუალოდ გასცნობოდნენ ქალაქს, მის არქიტექტურასა და შემოქმედებით გარემოს.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მათზე თბილისის ინდუსტრიულმა და ბრუტალისტურმა არქიტექტურამ, ასევე ქალაქის კულტურულმა ენერგიამ მოახდინა. ანტონიოლისთვის თბილისმა ბერლინი გააცოცხლა - ქალაქი, რომელიც მისთვის დიდი ხნის განმავლობაში შემოქმედებითი თავისუფლებისა და ალტერნატიული კულტურის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩებოდა.
სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ თანამშრომლობა ტრადიციული კომერციული ურთიერთობის ფარგლებს გასცდენოდა და ორი კომპანიის საერთო ესთეტიკურ ღირებულებებსა და კულტურულ ხედვაზე დაფუძნებულ გრძელვადიან პროექტად ქცეულიყო.
ამ პარტნიორობის პირველი შედეგი Ann Demeulemeester Tbilisi-ის ექსკლუზიური კაფსულ კოლექციაა.
თბილისისთვის შექმნილი კოლექცია Ann Demeulemeester-ისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ და პოეტურ ესთეტიკას აერთიანებს. თითოეულ ნივთზე დატანილია წარწერა „Ann Demeulemeester Tbilisi“, რომელიც ქალაქისადმი მიძღვნილ კოლექციას განსაკუთრებულ იდენტობას ანიჭებს.
კაფსულის ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყარო ფრანგი პოეტის, არტურ რემბოს პროზაული ლექსი Aube („განთიადი“) გახდა, რომელიც შესულია მის ცნობილ კრებულში Illuminations. ტექსტი იწყება სიტყვებით: „J'ai embrassé l'aube d'été“ — „მე ზაფხულის განთიადს ვეამბორე“.
რემბოს პოეზია Ann Demeulemeester-ის შემოქმედებითი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. პოეტის თავისუფლებისკენ სწრაფვა, რომანტიკული ამბოხი და სამყაროს განსაკუთრებული მგრძნობელობით აღქმა იმ ესთეტიკურ პრინციპებს ეხმიანება, რომლებმაც ბელგიური მოდის სახლის იდენტობა ჩამოაყალიბა.
თბილისის კაფსულ კოლექციაში Aube მხოლოდ ვიზუალური ელემენტი არ არის. ლექსის მთავარი მოტივი - მოგზაურობა ჯერ კიდევ მძინარე ქალაქში, პირველი სინათლის ძიება და ახალი დღის აღმოჩენა - სიმბოლურად უკავშირდება თბილისს, როგორც ქალაქს, რომელიც საერთაშორისო შემოქმედებითი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ექცევა.
ლიმიტირებული კოლექცია მოიცავს ბამბის შავსა და თეთრ მაისურებს, ტილოს ჩანთას, მრავალფუნქციურ ტყავის სამაჯურებსა და გულსაკიდებს. თითოეული ნივთი სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა და შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. მაისურები სულ 80 ეგზემპლარად გამოიცემა - 40 შავი და 40 თეთრი, ჩანთა - 60, ტყავის სამაჯური - 40, ხოლო გულსაკიდი მხოლოდ 10 ეგზემპლარად იქნება ხელმისაწვდომი.
კოლექციის მნიშვნელობას მისი ექსკლუზიურობაც განსაზღვრავს. ეს არ არის უკვე არსებული დიზაინის ადაპტაცია - Ann Demeulemeester-ის შემოქმედებითმა გუნდმა ნივთები უშუალოდ თბილისისთვის შეიმუშავა, ქალაქის ხასიათისა და პროექტის კონცეფციის გათვალისწინებით.
2022 წელს დაარსებული Concept STAR მოკლე დროში თბილისის თანამედროვე მოდისა და ცხოვრების სტილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ ჩამოყალიბდა. მისი კონცეფცია თავიდანვე სცდებოდა ტრადიციული მულტიბრენდული მაღაზიის ფორმატს.
Maison Margiela, Jil Sander, Dries Van Noten, Acne Studios, Jacquemus, Rick Owens DRKSH და Ann Demeulemeester იმ ბრენდების ნაწილია, რომლებიც Concept STAR-ის მიერ წარმოდგენილ საერთაშორისო დიზაინერთა მრავალფეროვან არჩევანს ქმნის.
Street STAR-ის გახსნამ კომპანიის განვითარებაში ახალი ეტაპი დაიწყო და მის გარშემო თანამედროვე ქუჩის მოდითა და ახალგაზრდული კულტურით დაინტერესებული აუდიტორია გააერთიანა.
Concept STAR-ის გრძელვადიანი მიზანი მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების საქართველოში წარმოდგენა არ არის. კომპანია ცდილობს, თბილისი უფრო აქტიურად ჩართოს გლობალურ მოდის პროცესებში და შექმნას შესაძლებლობები ისეთი თანამშრომლობებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს საერთაშორისო შემოქმედებით ინდუსტრიასთან დააკავშირებს.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა პარტნიორობა Antonioli Group-თან - კომპანიასთან, რომლის საქმიანობა დღეს მოდის ინდუსტრიის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს.
კლაუდიო ანტონიოლიმ პირველი მაღაზია მილანში 1987 წელს გახსნა და იმ პერიოდისთვის ნაკლებად ცნობილი ავანგარდული დიზაინის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მოგვიანებით მისი საქმიანობა საერთაშორისო მოდის ბიზნესის, მუსიკისა და გასტრონომიის მიმართულებით გაფართოვდა. Antonioli Group-ის ეკოსისტემა დღეს Ann Demeulemeester-სა და 44 LABEL-თან ერთად Antonioli-ის მულტიბრენდულ მაღაზიებს, მილანის ელექტრონული მუსიკის კლუბ VOLT-სა და რესტორან Sogni-ს აერთიანებს.
ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა სწორედ ამ საერთო ხედვას ეფუძნება - იდეას, რომ მოდა მხოლოდ პროდუქტი არ არის და მას შეუძლია სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს, სივრცისა და ადამიანების გაერთიანება.

Ann Demeulemeester-ის გადაწყვეტილება, კონკრეტულად თბილისისთვის შექმნას დამოუკიდებელი კაფსულ კოლექცია, ქალაქის მზარდ კულტურულ მნიშვნელობაზეც მიუთითებს.
ბოლო წლებში თბილისმა საერთაშორისო მოდისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების ყურადღება თავისი ვიზუალური იდენტობით, დამოუკიდებელი დიზაინერებით, არქიტექტურითა და ალტერნატიული კულტურული სცენით მიიპყრო. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ინტერესს კონკრეტულ თანამშრომლობად აქცევს.
Concept STAR-ისა და Antonioli Group-ის პარტნიორობა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მხარეები მომავალში სხვა წამყვან საერთაშორისო მოდის სახლებთან თანამშრომლობასაც გეგმავენ, რომელთა შესახებ ინფორმაცია უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.
22 ოქტომბერს Stamba Tbilisi Rooftop-ზე დაგეგმილი დახურული პრეზენტაცია ამ ისტორიის პირველი საჯარო ეტაპი იქნება.
Ann Demeulemeester Tbilisi მხოლოდ ლიმიტირებული მოდის კოლექცია არ არის. ეს არის ორი განსხვავებული შემოქმედებითი გარემოს შეხვედრა - ანტვერპენის ავანგარდული მემკვიდრეობისა და თბილისის თანამედროვე კულტურული ენერგიის დიალოგი, რომელიც ქალაქისთვის საერთაშორისო მოდის ინდუსტრიასთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

დაწერე კომენტარი