რა ისტორიას ინახავს მიწა და როგორ შეიძლება იქცეს ის მხატვრული აზროვნების, კვლევისა და ფორმის წყაროდ? 9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას - „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ - უმასპინძლებს. პროექტი ქართული მიწის ბუნებრივ თვისებებს, კერამიკის მატერიალურ შესაძლებლობებსა და იმ უწყვეტ პროცესს იკვლევს, რომელშიც ბუნება, დრო და ადამიანის ხელი ერთმანეთს ხვდება.

მიწა, როგორც მასალა, ერთი შეხედვით, მარტივი და ნაცნობია. თუმცა, თუ მას კონკრეტული ადგილის მეხსიერებად აღვიქვამთ, მისი ზედაპირის მიღმა გაცილებით რთული სამყარო იხსნება - გეოლოგიური წარმოშობა, მინერალური შემადგენლობა, ფერი, ტექსტურა და ის თვისებები, რომლებიც თითოეულ ნიმუშს უნიკალურს ხდის. სწორედ ამ დაკვირვებიდან იწყება ირინა ჯიბუტის მხატვრული კვლევა, რომელშიც კერამიკა მხოლოდ ფორმის შექმნის საშუალება აღარ არის და თავად ხდება ბუნებასთან დიალოგის პროცესი.

5be8980d-8a40-413f-a2de-7f8f54c95ffe.jpeg 308.27 KB
„მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოპოვებულ ბუნებრივ თიხებზე დაფუძნებული პროექტია. აქ მასალის მოპოვება, დამუშავება, გამოცდა, ფორმირება და გამოწვა ერთიან შემოქმედებით პროცესად იქცევა. ჯიბუტისთვის მიწა ერთდროულად კვლევის საგანიცაა და მხატვრული გამოხატვის საშუალებაც - მატერია, რომლის შესაძლებლობებიც მხოლოდ ადამიანის ჩარევით კი არ განისაზღვრება, არამედ მისივე ბუნებრივი თვისებებითაც.

გამოფენის სათაური ერთგვარ ციკლს აღნიშნავს: მიწა ფორმას იძენს, ცეცხლის გავლით გარდაიქმნება და, მიუხედავად ახალი სახისა, კვლავ იმ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება, საიდანაც წარმოიშვა. ამ პროცესში ადამიანის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა არა ყოვლისმომცველი. მხატვარი მასალას მიმართულებას აძლევს, მაგრამ საბოლოო შედეგი ყოველთვის მხოლოდ მისი განზრახვის მიხედვით არ ვითარდება. თიხა იკუმშება, სკდება, დეფორმირდება, იცვლის ფერს - და სწორედ ამ მოულოდნელობებში ვლინდება მისი ინდივიდუალური ხასიათი.

eee089ca-4a77-48f0-be59-5d44f1fe45a3.jpeg 268.31 KB
თიბისი კონცეპტის გალერეის ორივე სართული გამოფენის განსხვავებულ განზომილებებს ეთმობა. პირველ სართულზე წარმოდგენილი მასშტაბური ნამუშევრები - ვერტიკალური კერამიკული სხეულები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“ - მასალის გარდაქმნის პროცესს სივრცეში ხილულ გამოცდილებად აქცევს.

ვერტიკალური კერამიკული ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა, თუმცა ტრადიციულ ფუნქციას აღარ ატარებს. ისინი დამოუკიდებელ სკულპტურულ სხეულებად გვევლინება, რომელთა მნიშვნელობაც ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის იდეებს უკავშირდება. ფორმა აქ პრაქტიკული დანიშნულების მიღმა გადის და ყურადღებას თავად მატერიაზე, მის მასშტაბსა და ფიზიკურ არსებობაზე ამახვილებს.

4673ea4e-a9dd-4d57-9ad5-09cd6a41b35d.jpeg 220.32 KB
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კედლის კომპოზიციაც, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხა ერთსა და იმავე გეომეტრიულ ფორმაშია გაერთიანებული. ერთი შეხედვით, საერთო სტრუქტურა მათ ერთიან ვიზუალურ სისტემად აქცევს, თუმცა თითოეული ნიმუში საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. გამოწვის პროცესში განსხვავებული რეაქციები - შეკუმშვა, ბზარები, დეფორმაცია და ფერის ცვლილება - მასალის წარმოშობის ისტორიას ხილულს ხდის. ეს ერთგვარი მატერიალური პორტრეტებია, რომლებშიც გეოგრაფია აბსტრაქტულ ინფორმაციად კი არ რჩება, არამედ ფორმასა და ზედაპირზე აღიბეჭდება.

ნამუშევარში „მდინარე“  ყურადღება კი წყალს, როგორც გარდამქმნელ ძალას, ეთმობა. წყალი მიწას არბილებს, გადააადგილებს და ცვლის; მისი მოქმედება კი სიმყარესა და მუდმივ მოძრაობას შორის ურთიერთობას წარმოაჩენს. ამგვარად, გამოფენის მხატვრულ ენაში მიწა არასოდეს არის საბოლოო, უცვლელი მდგომარეობა. ის მუდმივად ურთიერთქმედებს სხვა ელემენტებთან და სწორედ ამ ურთიერთობებში იძენს ახალ ფორმებს.

7109970f-9d03-4e3c-ad90-5d5d1713112a.jpeg 170.91 KB
თუ პირველი სართული მასალის გარდაქმნის შედეგებსა და სივრცეში გამოვლენილ ფორმებს გვთავაზობს, მეორე სართული ამ პროცესის კულისებში გვახედებს. აქ გალერეა კვლევით ლაბორატორიად გარდაიქმნება - სივრცედ, სადაც დასრულებულ ნამუშევრებთან ერთად თავად შემოქმედებითი აზროვნების პროცესი ხდება ექსპოზიციის ნაწილი.

სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხა, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, სხვადასხვა ტემპერატურაზე გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქულობის ცდები, მცირე ფორმები და პროცესის ჩანაწერები მასალასთან ხანგრძლივი მუშაობის კვალს ინახავს. ეს არ არის დასრულებული კვლევის არქივი, რომელშიც ყველა კითხვას უკვე პასუხი გაეცა. პირიქით, ლაბორატორიის სივრცე ღია პროცესს წარმოადგენს - აქ დაკვირვება, ცდა და შეცდომა შემოქმედებითი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილებია.

5c4957ab-41fb-4ae5-87e1-f7d8f602f774.jpeg 247.55 KB
სწორედ ამ მიდგომაში იკვეთება ხელოვანის პრაქტიკის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება: მასალა მხოლოდ მხატვრის იდეის მატარებელი არ არის. ის თავადაც მონაწილეობს ფორმის შექმნაში. თიხის ფიზიკური თვისებები, მისი რეაქცია ტემპერატურაზე, წყალსა და დამუშავების სხვადასხვა მეთოდზე, შემოქმედებით გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს და ზოგჯერ მოულოდნელი მიმართულებითაც წარმართავს. საბოლოო ნამუშევარი ამ ურთიერთქმედების შედეგია - არა ბუნებაზე სრული კონტროლის, არამედ მასთან თანაარსებობის გამოცდილება.

ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მან კერამიკის მიმართულებით ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები 2003-2010 წლებში მიიღო. მისი პრაქტიკა აერთიანებს ფუნქციურ კერამიკას, სკულპტურულ ობიექტებსა და ინსტალაციებს, თუმცა ამ განსხვავებულ ფორმებს საერთო ინტერესი აერთიანებს: თიხის, როგორც ცოცხალი მასალის, ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების შესწავლა.

e31bbc91-820a-4b5f-884b-b6d22ca69d28.jpeg 133.1 KB
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე საველე სამუშაოების ფარგლებში ჯიბუტი ბუნებრივ თიხას იკვლევს, ადგილობრივ მასალებს სწავლობს და ტრადიციულ მეთუნეობასთან დაკავშირებულ ცოდნასა და გამოცდილებას აგროვებს. ამგვარად, მისი საქმიანობა თანამედროვე კერამიკული ხელოვნების საზღვრებს სცდება და ადგილობრივ გარემოსთან, მასალის წარმოშობასა და კულტურული ცოდნის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოიცავს.

2026 წელს ხელოვანმა დააარსა გრძელვადიანი კვლევითი პლატფორმა Commonland, რომლის მიზანია საქართველოს თიხის რესურსების შესწავლა და კერამიკული მასალების განვითარების გზების გადააზრება. ეს ინიციატივა მის პრაქტიკაში კვლევის მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს და ხელოვნებასა და მასალათმცოდნეობას შორის ახალ კავშირებს აყალიბებს.

b7d6ddcd-9b49-4fc2-a262-36ee25343fd0.jpeg 174.56 KB
ჯიბუტის ადრინდელ პროექტებს შორისაა ნედლი თიხის ინსტალაცია „სვეტი“ (2025), თუშეთში შექმნილი თიხის ლენდ-არტ ინსტალაცია „სპირალი“ (2018) და პროექტი „ზედაპირი“ (2012), რომელიც კერამიკისა და ნედლი თიხის სამი ინსტალაციისგან შედგებოდა და CCA-Tbilisi-ში იყო წარმოდგენილი. ახალი გამოფენა ამ გამოცდილებას აგრძელებს, თუმცა აქ კვლევის მასშტაბი და სტრუქტურა განსაკუთრებით მკაფიოდ იშლება - დასრულებული ნამუშევარი და მისი შექმნის პროცესი ერთ მთლიანობად არის გააზრებული.

„მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ არ ცდილობს, მიწა მხოლოდ ესთეტიკურ ობიექტად წარმოაჩინოს. მისი მთავარი ინტერესი იმ პროცესების მიმართ ყურადღების გამახვილებაა, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება: საიდან მოდის მასალა, რა ისტორიას ინახავს, როგორ იცვლება ადამიანის ჩარევით და რას ინარჩუნებს გარდაქმნის შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხები არა მხოლოდ ნამუშევრების ფორმებში, არამედ მათ ზედაპირებზე, ბზარებსა და განსხვავებულ ტექსტურებშიც იკითხება.