Louis Vuitton ახალ კოლექციას ნიუიორკელი საკულტო მხატვრის, კიტ ჰარინგის შემოქმედებას უძღვნის. კოლაბორაცია, რომელიც ნიკოლა გესკიერის შემოქმედებითი ხედვით შეიქმნა, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის ვიზუალურ სამყაროს Louis Vuitton-ის ესთეტიკასთან აერთიანებს.

კიტ ჰარინგი, რომლის შემოქმედებაც 1980-იანი წლების ნიუ-იორკის ქუჩის კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, ხელოვნების ისტორიაში თავისი მკაფიო ხელწერით - მკვეთრი ფერებითა და ადვილად ამოსაცნობი სიმბოლოებით დამკვიდრდა. მისი მოცეკვავე ფიგურები, გულები და გრაფიკული გამოსახულებები დღემდე თავისუფლების, მოძრაობისა და შემოქმედებითი ექსპერიმენტის სიმბოლოებად რჩება.

Louis Vuitton-ის ახალი კოლექცია სწორედ ამ ვიზუალურ მემკვიდრეობას ეხმიანება. ჰარინგის მხატვრული ენა მოდის სახლის საკულტო მონოგრამასთან ერთიანდება და კლასიკურ აქსესუარებს ახალ ხასიათს სძენს. პოპარტისთვის დამახასიათებელი ფერები და ექსპრესიული გრაფიკა ნიკოლა გესკიერის თანამედროვე, ექსპერიმენტულ ესთეტიკას ბუნებრივად ერწყმის.

კოლექციის კამპანიაში მატილდაც მონაწილეობს, რომელიც Louis Vuitton-ის ახალ ვიზუალურ ისტორიაში კიტ ჰარინგის შემოქმედებით შთაგონებულ სამოსსა და აქსესუარებს წარმოადგენს. 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კამპანიის გადაღების ადგილიც - ნიუ-იორკში მდებარე კიტ ჰარინგის ყოფილი სტუდია. სივრცე, სადაც მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს ქმნიდა, ამჯერად მისი შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაციის ფონად იქცა და კამპანიას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.

კოლექციის წინასწარი შეკვეთები 23 დეკემბერს დაიწყება, რასაც მოგვიანებით საერთაშორისო გაყიდვებიც მოჰყვება.