2025 წლის Salone Internazionale del Mobile-ის 63-ე გამოშვების ფარგლებში, ბრიტანელმა მხატვარმა და დიზაინერმა Es Devlin-მა შექმნა ინსტალაცია, სახელწოდებით Library of Light - ‘’სინათლის ბიბლიოთეკა’’, რომელიც მილანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმში, მე-17 საუკუნის The Pinacoteca di Brera-შია განთავსებული და დამთვალიერებლებს 7-იდან 21 აპრილამდე უმასპინძლებს. Library of Light 18 მეტრი დიამეტრის მბრუნავი ცილინდრული სკულპტურაა, რომელიც შედგება განათებული წიგნების თაროებისგან, მათზე განთავსებული 2000-ზე მეტი ტომით.


ინსტალაცია, რომელიც ცოდნის მეტაფორას წარმოადგენს, Pinacoteca di Brera-სთან და მილანში დაფუძნებული გამომცემლობის, Feltrinelli-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ‘’სინათლის ბიბლიოთეკა’’ ეხმიანება უმბერტო ეკოს ფრაზას, რომელმაც ნამუშევრის ავტორი Braidense-ის ეროვნული ბიბლიოთეკის მაღალ თაროებზე ასვლისას შთააგონა - ‘’წიგნები გონების კომპასია, ისინი მიუთითებენ უამრავ სამყაროზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი’’.

დღის განმავლობაში, სანამ სტრუქტურა ბრუნავს, ცილინდრული ინსტალაციის თავზე მდებარე სარკისებური ნაწილი მზის შუქს ირეკლავს, ღამე კი განათება კედლებზე ჩრდილების ერთგვარ თამაშს ქმნის. გამოფენის ფარგლებში ‘’სინათლის ბიბლიოთეკა’’ დიალოგის სცენად გადაიქცევა და უმასპინძლებს შეხვედრების სერიას, რომელიც გააერთიანებს ხელოვნებასა და ლიტერატურას. ინსტალაციის ადგილას დაგეგმილია ღონისძიებებისა და დისკუსიების პროგრამა, რაც ვიზიტორებს კულტურულ გამოცდილებაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.