ზაფხულის მოახლოება ყოველთვის იგრძნობა Loewe-ს Paula's Ibiza კამპანიებში, რომლითაც ესპანური მოდის სახლი სეზონურ, ფერად და მრავალფეროვან კოლექციას წარმოადგენს. კამპანია შთაგონებულია იბიცაში მდებარე საკულტო Paula's Boutique-ის მემკვიდრეობით და აერთიანებს გრეი სორენტის მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებზეც ფოტოგრაფმა მსახიობები ჯეიმი დორნანი, სოფი უაილდი, ენცო ვოგრინიჩი და მუსიკოსი, Loewe-ს ამბასადორი ჟიზელი აღბეჭდა. ახალი კამპანია პორტუგალიაში, ქვიშიან სანაპიროზეა გადაღებული და თითოეული დეტალით ზაფხულის ესთეტიკასა და სანაპიროს ცხოვრების სტილს უსვამს ხაზს.

IMG_0971.PNG 509.02 KB
ქვიშიანი სანაპიროთი, ზღვის პეიზაჟითა და ბუნებრივი ელემენტებით, დეკორატიული მცენარეებითა და ხეებით, მოდის სახლი აქცენტს აკეთებს ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებულ მნიშვნელოვან კავშირზე. საზაფხულო კოლექცია შთაგონებულია თავისუფლებითა და მხიარული, სეზონის შესაბამისი განწყობით, შეხვდებით მრავალფეროვან, მათ შორის ყვავილოვანი პრინტით და დეტალებით გაფორმებულ სხვადასხვა ტექსტურით შექმნილ სამოსს, იქნება ეს ჯინსის, აბრეშუმის თუ კოტონის მაისურები, პერანგები, შარვლები, კაბები, საზღვაო სამოსი და საცურაო კოსტიუმები. კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია აქსესუარები და ფეხსაცმელები - სეზონური ესპადრილები, რაფსის და ჭილოფის ჩანთები, დიდი ზომის სათვალეები და ქუდები.
IMG_0969.PNG 939.5 KB
ახალი კოლექცია გამორჩეულია პასტელურ ფერთა პალიტრითა და საინტერესო, ორიგინალური მოტივებით. მაგალითად, შეხვდებით პომიდვრის გამოსახულებით შექმნილ ჩანთას - Tomato clutch-ს, საკიდებს, ჩარმებსა და ქუდებს. კიდევ ერთი საინტერესო ელემენტია - ფუტკრის მოტივები სხვადასხვა აქსესუარზე. ასევე წარმოდგენილია Ola ჩანთის ხელახალი ინტერპრეტაციები და განახლებული ვერსიები ხელნაკეთი დეტალებით. ახალი კოლექცია და Paula's Ibiza კამპანია ჯონათან ანდერსონის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შეიქმნა, რომელიც 11-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Loewe-ს კრეატიული დირექტორის პოსტს ტოვებს, ესპანური მოდის სახლს კი ამერიკელი დიზაინერები - ლაზარო ჰერნანდესი და ჯეკ მაკქალა ჩაუდგებიან სათავეში. 


ფოტო: Loewe