სამწლიანი რესტავრაციისა და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, რომის ცენტრალურ ნაწილში ხელოვნებითა და კინემატოგრაფიით შთაგონებული სასტუმრო Palazzo Talìa გაიხსნა. სასტუმრო ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის ერთიანობას ქმნის, ინარჩუნებს შენობის საუკუნოვან ისტორიას და ორიგინალურ ხასიათს, ამავდროულად კი თავისი ინტერიერის დიზაინით ხაზს უსვამს თანამედროვე, დახვეწილ ელემენტებს. სასტუმროს განახლებულ დიზაინზე ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის და დიზაინერის, ლუკა გუადანინოს კომპანია Studiolucaguadagnino-მ იტალიელ არქიტექტორებთან - Marianna Lubrano Lavadera-სა და Laura Feroldi-სთან ერთად იმუშავა. მათ ერთობლივად შექმნეს სივრცეები, რომლებიც ფილმის კადრებს მოგვაგონებს. 

Palazzo Talìa-ს შენობას დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს - რენესანსის ეპოქაში აქ ცხოვრობდნენ სასულიერო პირები და არისტოკრატები. მე-16 საუკუნეში აშენებული Palazzo Talìa კარდინალ მიქელანჯელო ტონტიმ უსახსოვრა სან ჯუზეპე კალაზანციოს და მას შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც ‘’Il Nazareno’’ - კოლეჯი, რომელიც მეცნიერებს, დიდგვაროვნებსა და პაპებს მასპინძლობდა. მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მომსწრე ნაგებობა არაერთხელ გამხდარა ხელოვანების - მხატვრებისა და კინორეჟისორების შთაგონების წყარო. 


თანამედროვე სტილში ინტერპრეტირებული ტრადიციული დიზაინის სასტუმროში შეხვდებით როგორც საუკუნოვან ფრესკებს, ისე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს. კონცეფციის შესაბამისად, სივრცის ყოველ ელემენტს - გეომეტრიას, განათებებს, ფრესკებს, იატაკს და ჭერს, ქანდაკებებს, დიზაინერულ ობიექტებსა და ფერთა პალიტრას - დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სივრცეებში ვხვდებით წითელ, შინდისფერ და ვარდისფერ ხალიჩებს, ამავე ფერის სავარძლებს, რომლებიც გარშემორტყმულია ძველი რომის იმპერატორების მარმარილოს ბიუსტებით. მთავარი დერეფნის ნაწილია 1940-იანი წლების ვენეციური შუშის მასიური ჭაღი და სხვადასხვა დეკორაციული ნივთი. 

Palazzo Talìa-ში სულ 26 ნომერია, თითოეული მათგანი უნიკალური დიზაინითა და ესთეტიკით გამოირჩევა. ოთახების ავეჯის უმეტესობა ექსკლუზიურად სასტუმროსთვის არის შექმნილი, მათ შორის - მრგვალი სავარძლების, საწოლებისა და ფილების კოლექცია. ნომრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ტერასას ლუქს-ოთახი, რომელიც ბოლო სართულზე მდებარეობს და 66 კვადრატული მეტრი ტერასა აქვს, შიდა გამწვანებული ეზოს ხედით. სასტუმროში ასევე მდებარეობს Magna Hall, გასპარე სერენარის მე-18 საუკუნის ფრესკებით გაფორმებული სივრცე, რომელიც ძირითადად კერძო ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი. 

Palazzo Talìa-ში განთავსებულია Tramae Restaurant, რომელსაც შეფმზარეული მარკო კოპოლა ხელმძღვანელობს და სტუმრებს იტალიის სხვადასხვა რეგიონის სამზარეულოს სთავაზობს, მათ შორის -კლასიკურ რომაულ კერძებს. თითოეული მათგანი ბიო მეურნეობებიდან მიღებული სეზონური ინგრედიენტებით მზადდება. აქვეა Bar Della Musa -  ბარი შთამბეჭდავი მოხატული ჭერითა და ღია სივრცით, რომელიც საფირმო კოქტეილების, შამპანურისა და ღვინის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. რაც შეეხება სპა ზონას, სასტუმროში მდებარეობს მარმარილოთი და მწვანე ესპანური ფილებით გაფორმებული გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, საუნა, თურქული აბანო, ფიტნეს-დარბაზი და სპა ოთახები.


ფოტო: Giulio Ghirardi, Palazzo Talia