კაიროში მდებარე Immobilia-ს შენობა, რომელიც ქალაქის ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის სიმბოლო და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, განახლებულ დიზაინს წარმოადგენს და სტუმრებს ოთხ ახალ აპარტამენტს სთავაზობს. კაიროს პირველი ცათამბჯენი და ერთ დროს ყველაზე მაღალი შენობა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში - Immobilia - 1938-1940 წლებში აჰმედ აბუდ ფაშამ ააშენა, ნაგებობის დიზაინზე იმ დროისათვის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები - მაქს ედრეი და გასტონ როსი ზრუნავდნენ და შექმნეს ისტორიული შენობა, რომელიც მრავალი მიზეზით არქიტექტურული ინოვაციის მაგალითია. 

Immobilia კაიროს ყველაზე ხალხმრავალი, ხმაურიანი და ქაოსური ცენტრის შუაგულში მდებარეობს, ნაგებობის ირგვლივ კარგად იგრძნობა ქალაქისთვის დამახასიათებელი ენერგია. შენობა თავიდანვე გამოირჩეოდა თავისი დახვეწილი, თანამედროვე ექსტერიერით, ის არ ჰგავდა კაიროში მდებარე სხვა შენობებს, გადაწყვეტილი იყო ევროპულ სტილში - არტ დეკოსა და მოდერნიზმის ელემენტებით. ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ნაგებობა კაიროში, რომელსაც ჰქონდა ლიფტი და მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც იმ დროისათვის საკმაოდ ინოვაციური და ახალი იყო. Immobilia-ში ცხოვრობდა ბევრი ცნობადი სახე, მათ შორის - ეგვიპტური კულტურის გამორჩეული ფიგურები, კინოვარსკვლავები, მუსიკოსები, პოლიტიკოსები და ხელოვანები.

Immobilia-ს ახალ აპარტამენტზე და მისი ინტერიერის დიზაინზე AD100-ის დიზაინერმა ზეინა აბუხეირმა იმუშავა, რომელსაც ასევე უკავშირდება ლუქსორში მდებარე სასტუმრო Al Moudira-ს შექმნა. ახალი სივრცეები სავსეა ანტიკვარული ნივთებით, ხელოვნების ნიმუშებითა და ორიგინალური, ვინტაჟური ავეჯით, თითოეული დეტალი პატივს სცემს შენობის არტ დეკოს სტილს, ამავდროულად კი ხაზს უსვამს თანამედროვე ელემენტებს. ოთახები გაფორმებულია მარმარილოს ფილებით და მაგიდებით, შუა საუკუნის სკამებით, აბრეშუმის მასალებით, ტერაზოს მოპირკეთებული იატაკით და მზიანი ტერასებით, რომლებსაც კაქტუსები და უდაბნოს ვარდები აკრავს. 

აპარტამენტებისთვის ნივთებისა და დიზაინერული ობიექტების შეგროვება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და აქ შერჩეული უამრავი ნივთი ისტორიული ხასიათისაა. ვხვდებით ვინტაჟური ვერცხლის ჭურჭელს, 1920-იანი წლების მაგიდასა და სკამებს, იშვიათ თექის და აბრეშუმის ნაქარგ ქსოვილებს მე-19 საუკუნის სპარსეთიდან, 1950-იანი წლების ნათურებს, კერამიკულ ობიექტებს და თანამედროვე მხატვრების - ჰანი რაშედის და ადელ ელ სივის სხვადასხვა ნამუშევარს. ერთ-ერთ აპარტამენტში განთავსებულია ცნობილი ფრანგი დიზაინერის, Jules Leleu-ის არტ დეკოს სტილის კომოდი. აქვეა აპარტამენტების მფლობელის, ფლორიან ამერლერის პირადი კოლექცია - ავეჯი, ანტიკვარული ნივთები და ქსოვილები, რომლებიც მოგზაურობების დროს შეაგროვა.

ფოტო: Mark Anthony Fox, Ad Magazine