პარიზის მოდის კვირეული დაიწყო და ის Saint Laurent-ის სანახაობრივი ჩვენებით გაიხსნა, სადაც ენტონი ვაკარელომ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჩვენება ეიფელის კოშკის მოპირდაპირედ, ტროკადეროს მოედანზე გაიმართა, რომელსაც ათასობით თეთრი ჰორტენზიით შექმნილი YSL-ის საკულტო ლოგო აფორმებდა. 

ახალი კოლექცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს ვაკარელოს ხედვას, რომლითაც დიზაინერი ელეგანტური, დახვეწილი და თავდაჯერებული ქალის სახეს ქმნის. ვხვდებით 80-იანი წლებით შთაგონებულ სილუეტებს, ფერებისა და ტექსტურების საინტერესო შეხამებას, დიდი ზომის სამკაულებს, სკულპტურულ ყელსაბამებსა და აქსესუარებს. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა ფერის ტყავი, რომლითაც ვაკარელომ ქურთუკები, მოსაცმელები და ქვედაბოლოები წარადგინა. პარიზულ ბაღში გამართულ Saint Laurent-ის ჩვენებაზე სტუმრებს შორის იყვნენ: ქეით მოსი, ლინდა ევანგელისტა, მადონა, ჩარლი XCX, შარლოტა რემპლინგი, ზოე კრავიცი, კარლა ბრუნი და ჰეილი ბიბერი.