პარიზის მოდის კვირეული მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენებით დაიხურა, Chanel-ის ახალი ეპოქა დაიწყო და მეთიუ ბლაზმა თავისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება Grand Palais-ში გამართა. ბელგიელმა დიზაინერმა 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, როგორც დიალოგი ტრადიციასა და ახალს, წარსულსა და მომავალს შორის. ბლაზის პირველი კოლექცია თანამედროვეობასა და თავისუფლებაზეა. ჩვენების გამორჩეული ნაწილი იყო სივრცის გაფორმება - “კოსმოსური” დიზაინი - ფერადი პლანეტების ინსტალაციები.
"შანელი სიყვარულზეა, მოდაში თანამედროვეობის დაბადება კი სიყვარულის ისტორიიდან მოდის. Chanel-ის პირველი ჩვენებისთვის მინდოდა შემექმნა რაღაც უნივერსალური, დროის მიღმიერი, როგორც ოცნება, და მოვიხიბლე ვარსკვლავებით… ეს ამ სახლისთვის ასე ნაცნობი და საყვარელი თემაა. ჩვენ ყველა ერთსა და იმავე ცას ვაკვირდებით და ვფიქრობ, ეს ჩვენში ერთი და იმავე ემოციებს იწვევს...’’ - აღნიშნავს მეთიუ ბლაზი, რომელმაც Chanel-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა შარშან დაიკავა.
მეთიუ ბლაზის გარდაქმნილ Chanel-სა და მის სადებიუტო კოლექციაში, ორიგინალურ დეტალებსა და ტექსტურებში კარგად იკითხება დიზაინერის ინდივიდუალური ხელწერა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კოლექციაში მრავლად ვხვდებით Chanel-ისთვის დამახასიათებელ კლასიკურ ელემენტებს, მათ შორისაა ცნობილი კამელიების მოტივები, ტვიდის ქსოვილები, მარგალიტის ყელსაბამები, შავ-თეთრი, დახვეწილი სილუეტები. ჩვენებას ესწრებოდნენ - ანა ვინტური, ნაომი კემპბელი, ტილდა სუინტონი, ნიკოლ კიდმანი, მარგო რობი, პედრო პასკალი, სტივ მაკქუინი, პენელოპა კრუზი და სხვა მრავალი ცნობადი სახე.
დაწერე კომენტარი