2 ოქტომბრიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე ტოკიოში მდებარე Espace Louis Vuitton ენდი უორჰოლის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა ‘’ენდი უორჰოლი - სერიული პორტრეტები’’ აერთიანებს ამერიკელი ხელოვანის როგორც საკულტო, ყველაზე ცნობილ, ისე იშვიათ და ზოგიერთ აქამდე უცნობ ნამუშევრებს. ექსპოზიცია სრულად მოიცავს უორჰოლის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და განსამზღვრელ - პორტრეტულ ჟანრს. პირველ სექციაში წარმოდგენილია უორჰოლის სკეტჩები და ილუსტრაციები 1950-იანი წლებიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ ილუსტრატორად მუშაობდა. გამოფენის შემდეგი ნაწილი ეძღვნება ცნობილ ‘’სელფ-პორტრეტებს’’, რომელიც 1977-1986 წლებში შეიქმნა, ასევე წარმიდგენილია სხვადასხვა ნამუშევარი 1981 წლის სერიიდან ‘’The Shadow”.
‘’ენდი უორჰოლი - სერიული პორტრეტები’’ იკვლევს ხელოვანის ღრმა ინტერესს იდენტობისა და იმიჯის შესახებ. უორჰოლმა ადამიანთა პორტრეტების შექმნა და მათი პოპ-არტის ნიმუშებად გარდაქმნა 1960-იან წლებში დაიწყო და თავისი დამახასიათებელი, უნიკალური სტილი დაამკვიდრა. წლების განმავლობაში მან გადაიღო ისეთი ადამიანების საკულტო პორტრეტები, როგორებიც არიან მერლინ მონრო, ელვის პრესლი, მარლონ ბრანდო, ელიზაბეტ ტეილორი, მიკ ჯაგერი, ბრიჯიტ ბარდო და სხვები. გამოფენა ნაწილია Fondation Louis Vuitton-ის პროგრამის, სახელწოდებით „Hors-les-murs“. Louis Vuitton-ის ფონდი 2014 წელს შეიქმნა და მას შემდეგ სხვადასხვა კოლაბორაციებით, რამდენიმე ქვეყანაში 10 მილიონზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა. სერიული პორტრეტების გამოფენით Espace Louis Vuitton Tokyo დიალოგის სცენად იქცა უორჰოლის მარადიულ ხედვასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის.




დაწერე კომენტარი