მეთიუ ბლაზიმ Chanel-ის Métiers d'Art კოლექცია ნიუ-იორკის მეტროში წარადგინა. არაორდინალურ და ორიგინალურ ლოკაციაზე კრეატიულმა დირექტორმა თავისი ხედვით Chanel-ის მარადიული სტილი გააცოცხლა. Métiers d’Art კოლექციის ჩვენებებს საფუძველი კარლ ლაგერფელდმა ჩაუყარა და 2002 წლის შემდეგ ფრანგული მოდის სახლი მათ ყოველწლიურად მართავს. აღსანიშნავია, რომ Métiers d’Art-ის ჩვენებები განსაკუთრებულ ლოკაციებზე იმართება.

"ნიუ-იორკის მეტრო ყველას ეკუთვნის. ყველა იყენებს მას - იქნება ეს სტუდენტი, თინეიჯერი თუ საზოგადო მოღვაწე. ეს არის ადგილი, რომელიც სავსეა იდუმალი და ამავდროულად, შესანიშნავი შეხვედრებით… როგორც ფილმებში, აქ თითოეული ადამიანი თავისი ისტორიის მთავარი გმირია." - აღნიშნავს მეთიუ ბლაზი, რომელმაც Métiers d'Art წლევანდელ კოლექციას დამახასიათებელი, კინემატოგრაფიული ხასიათი შესძინა. 

Chanel Métiers d'Art 2026 კოლექცია თავისუფლებას, საკუთარი თავის ყოველდღიურად გამოხატვას ეფუძნება და ერთმანეთისგან განსხვავებულ სხვადასხვა სტილს აერთიანებს. ვხვდებით პარალელებს სხვადასხვა კოლექციასთან 1920-იანი წლებიდან 2020 წლამდე, კოლექციის ნაწილია სამოსი Chanel-ის დამახასიათებელი დეტალებით, ცნობილი ტვიდის ქსოვილებით, კამელიის მოტივებით, კაბები, ქურთუკები, ლეოპარდის პრინტები, ბუმბულებიანი ქვედაბოლოები, Lemarié-ს კაბის განახლებული მოდელი და პოპ-არტით შთაგონებული მაისურები. 



ფოტო: Chanel