Saint Laurent Rive Droite, რომელსაც ენტონი ვაკარელო ხელმძღვანელობს, ზამთრის ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას - Snow Edition-ს წარმოადგენს. კამპანია, რომელიც უახლეს კოლექციას მიეძღვნა, Henrik Purienne-მ გადაიღო და Saint Laurent Rive Droite-ის მთავარ კონცეფციას ასახავს - ცხოვრების წესს, რომელიც მოდას და კულტურას ერწყმის. კოლექცია მოიცავს ქალისა და მამაკაცის სამოსს, ფეხსაცმელებს, აქსესუარებს, სათხილამურო და სნოუბორდის აღჭურვილობას.
Saint Laurent Rive Droite მესამედ თანამშრომლობს ცნობილ თხილამურების მწარმოებელ ZAI-ისთან, რომელთან ერთადაც ფრანგულმა მოდის სახლმა უმაღლესი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის თხილამურები და სნოუბორდები შექმნა. ახალ კოლექციაში ვხვდებით ZAI-ის თხილამურების სამ ექსკლუზიურ წყვილს, რომლებიც სიჩქარის, ბალანსისა და კონტროლის გათვალისწინებით საგულდაგულოდ შეიქმნა. კოლექცია ასევე მოიცავს ხის ციგას, სათხილამურო სათვალეებს და Salomon-ის ჩაფხუტს.
რაც შეეხება სამოსს და ფეხსაცმელებს, Snow Edition აერთიანებს ქურთუკებსა და კომბინეზონებს, ბეწვის პალტოებს, სათხილამურო შარვლებსა და ჟაკეტებს, Neve თოვლის ჩექმებს, რომლებიც კრემისფერი ან შავი ფერისაა. თითოეული მათგანი სპორტულ სტილთან ერთად, Saint Laurent-ის დამახასიათებელი დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა. Snow Edition კოლექცია წარმოდგენილია Saint Laurent-ის ოფიციალურ ვებგვერდზე და შერჩეულ მაღაზიებში, მათ შორის - პარიზში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და სენტ-მორიცში.
ფოტო: Saint Laurent


დაწერე კომენტარი