ტაიპეიში, 1970-იანი წლების საცხოვრებელ კორპუსში, ადგილობრივმა სტუდიამ Ecru Studio-მ Season Patisserie წარადგინა პროექტი, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონვერგენცია და ძველისა და ახლის საინტერესო შერწყმაა. ფერები, ქსოვილები და ინტერიერის დიზაინის დეტალები Season-ის საკონდიტროში გამორჩეულია - ევროპული ელეგანტურობა და აზიური ხელწერა ერთ სივრცეში თანაარსებობენ. აქ ვხვდებით როგორც არტ-ნუვოს დეტალებს, ისე ტრადიციულ აზიურ მოტივებს.

Season ოთხ განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ზონას მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა ფერშია გადაწყვეტილი. პირველი სივრცე, რომელსაც Season-ში ვხვდებით, რამდენიმე ტონალობის ლურჯი ფერითაა გაფორმებული, აქედან სტუმრები ლაუნჯსა და ცხრაადგილიან კუნძულოვან ბარში გადადიან. აქ ფერების პალიტრა ხავერდოვან წითელ და ოქროსფერშია გადაწყვეტილი, რაც მე-18 საუკუნის პარიზული სალონის მისტიკურ გარემოს მოგვაგონებს.

სივრცეები გაფორმებულია ორიგინალური და მრავალფეროვანი ქსოვილებით, ორნამენტული და ისეთი დიზაინის ელემენტებით, რომლებიც იშვიათად გვხვდება თანამედროვე კომერციულ პროექტებში. Season Patisserie-ის ინტერიერის დიზაინის ეკლექტური სტილი ერთდროულად ნოსტალგიური და თანამედროვეა და ერთ სივრცეში რამდენიმე ეპოქას აერთიანებს. მაგალითად, ხის იატაკის ინდივიდუალური დიზაინი 1940-იანი წლების მილანური სტილითაა შთაგონებული, ხოლო ხელით მოხატული ფრესკები შანგის დინასტიის მოტივებზეა დაფუძნებული. 

Season-ში კარგად იგრძნობა არტ ნუვოსა და არტ დეკოს ექსპრესიული ხასიათი. აქ წარმოდგენილ ობიექტებს შორის ბევრი ვინტაჟური ნივთია, მათ შორის 1960-იანი წლების იტალიური სანათები, ნიჟარის ფორმის არტ-დეკოს ნათურები და მე-19 საუკუნის Paul Hankar-ის ჭაღი. რაც შეეხება ვარდისფერ, მარმარილოთი მოპირკეთებულ მაგიდებსა და Pierre Frey-ს ქსოვილით გაფორმებულ სავარძლებს, რომლებიც სივრცეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ, სპეციალურად Season-ისთვის  შეიქმნა.


ფოტო: Ecru Studio