ჩრდილო-აღმოსავლეთ მალიორკაზე უნიკალური სივრცე Es Racó d’Artà მდებარეობს, რომელიც გონების, სხეულისა და სულის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად და ამ კონცეფციით სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. სასტუმრო მე-13 საუკუნით თარიღდება და ოდესღაც მალიორკას ტრადიციული ფერმა იყო. ვენახებით, ზეთისხილის ხეებითა და ხილის ბაღებით გარშემორტყმული სივრცე სხვადასხვა ნომერს, კოტეჯებსა და ვილებს აერთიანებს. Es Racó d’Artà მალიორკას არქიტექტურულ და კულტურულ ტრადიციებს ინარჩუნებს, მისი დიზაინი შიდა და გარე სივრცეებს შეუფერხებლად აკავშირებს ერთმანეთთან, ტერასები, ეზო და ბაღები მიმდებარე ლანდშაფტს ერწყმის და სტუმრების ბუნებასთან მაქსიმალურ კავშირს უზრუნველყოფს.
სასტუმროს რესტავრაცია მალიორკას ავთენტური არქიტექტურისა და ლანდშაფტის გათვალისწინებით განხორციელდა. Es Racó d’Artà-ს მთავარი იდეაა სტუმრებმა იპოვონ სიმშვიდე და კავშირი დაამყარონ როგორც შინაგან სამყაროსთან, ისე ბუნებასთან. სასტუმროს ნომრები მინიმალისტური სტილისაა და ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკას ეხმიანება. ქვა, ხე და ბუნებრივი ელემენტები, როგორიცაა მცენარეები და ხეები, სასტუმროს დიზაინში მთავარ ადგილს იკავებს. გარე სივრცეები კი ისეა შექმნილი, რომ სტუმრებმა ფეხშიშველა იარონ და ბუნებრივ გარემოსთან სიახლოვე შეიგრძნონ.
Es Racó d’Artà-ში დაახლოებით 30-35 ნომერია განთავსებული, მათ შორის კერძო კოტეჯები და ვილები, რომელთაგანაც რამდენიმეს საკუთარი აუზი და დიდი ტერასა აქვს. სასტუმროში შეხვდებით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებს, მაგალითად, ჰიროში კიტამურას, მიკელ ბარსელოს, ხუან მიროსა და პერე იგნასის კოლექციებს.
აქვე მდებარეობს რესტორანი Beni Axir, რომლის სახელწოდება უძველესი ბერბერული დასახლებიდან მომდინარეობს. რესტორანი სტუმრებს ადგილობრივი, ორგანული ინგრედიენტებით მომზადებულ სეზონურ კერძებს სთავაზობს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს ეფუძნება.
Es Racó d’Artà-ს მნიშვნელოვანი ნაწილია სპა, გამაჯანსაღებელი, მრავალფეროვანი პროგრამა და უნიკალური პროცედურები, მათ შორის Watsu - ზენ შიაცუს შთაგონებით შექმნილი პროცედურა, ხმოვანი თერაპიები და ა.შ. ყოველ დილით სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 30-წუთიან მედიტაციასა და ერთსაათიან იოგას გაკვეთილებში. სპა ასევე მოიცავს სხვადასხვა სახეობის მასაჟს, საუნებს, თურქულ აბანოებსა და საინტერესო რიტუალებს. ამასთანავე, Es Racó d’Artà მრავალ სემინარსა და ვორქშოპს მასპინძლობს - იქნება ეს ქსოვა, თიხის არტთერაპია თუ კულინარიული მასტერკლასები. თითოეული სემინარი და აქტივობა მიზნად ისახავს სტუმრის თვითშემეცნებასა და შინაგანი ბალანსის პოვნას.








დაწერე კომენტარი