დანიაში, უნიკალურ ბუნებასა და მყუდრო გარემოში გამორჩეული ზღვისპირა სასტუმრო, დიუნებით გარშემორტყმული Svinkløv Badehotel მდებარეობს. სასტუმრო განსაკუთრებულია თავისი ისტორიით, არქიტექტურით და რაც მთავარია კონცეფციით.
კლასიკური სკანდინავიური ხის კონსტრუქციით აგებული, თეთრფასადიანი Svinkløv Badehotel აქცენტს მინიმალიზმსა და კომფორტზე აკეთებს. ექსტერიერთან ერთად, მინიმალისტურია ინტერიერის დიზაინი, ავეჯი და დიზაინერული ობიექტებიც. სასტუმროში სულ 36 ნომერია, რომელთაგანაც თითოეულის მთავარი იდეაა შექმნას სიმშვიდე და ბუნებასთან ჰარმონიის შეგრძნება. სწორედ იქაური ბუნება და სინათლე, რომელიც ჩრდილოეთის ზღვიდან მიდის და სასტუმროს ნომრებს ავსებს, ქმნის Svinkløv Badehotel-ის ხასიათს.
Svinkløv Badehotel-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სტუმარმა ყოველდღიური, ქაოსური ცხოვრებისა და ციფრული სამყაროსგან დაისვენოს, შესაბამისად, აქ არც ტელევიზორებს და არც უკაბელო ინტერნეტს შეხვდებით. ზღვითა და დიუნებით გარშემორტყმული Svinkløv Badehotel აქცენტს სიმშვიდეზე, სტუმრის განტვირთვასა და ბუნებასთან კავშირზე აკეთებს. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს Svinkløv-ის პლაჟი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპიროა დანიაში.
გამორჩეულია Svinkløv Badehotel-ის გასტრონომიული მხარე. აქ დანიურ და ნორვეგიულ სამზარეულოზე დაფუძნებული რესტორანი მდებარეობს, რომლის კერძები ორგანული და ადგილობრივი პროდუქტებისგან მზადდება, მენიუ კი ცვალებადია სეზონების მიხედვით.
Svinkløv Badehotel-ში გადაიღეს პოპულარული დანიური სერიალი - Badehotellet. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პოპულარობის კვალდაკვალ, სასტუმრო სკანდინავიური ‘’Slow living’’ ფილოსოფიის სიმბოლოდ იქცა.








დაწერე კომენტარი