Mandarin Oriental Lutetia პარიზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დახვეწილი და ისტორიული სასტუმროა, რომელიც მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე, Saint-Germain-des-Prés-ის უბანში მდებარეობს. სასტუმრო თავისი ისტორიითა და კონცეფციით იდეალურად ასახავს XX საუკუნის პარიზის კულტურას, ამ ადგილს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ ხელოვანები, მწერლები, ინტელექტუალები, კინოვარსკვლავები. როგორც უკვე ვიცით, სერიალი The White Lotus ჰავაის, სიცილიის და ტაილანდის შემდეგ, საფრანგეთში გვამოგზაურებს. HBO-ს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ახალი სეზონი საფრანგეთის რამდენიმე ადგილს გააერთიანებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარიზი და სწორედ Mandarin Oriental Lutetia იქნება. როგორც ცნობილია, მეოთხე სეზონის სიუჟეტი კანის კინოფესტივალის ირგვლივ განვითარდება. 

Lutetia 1910 წელს დააარსეს Boucicaut-ის ოჯახის წარმომადგენლებმა,  მათ ასევე უკავშირდება ცნობილი მაღაზიის, Le Bon Marché-ის შექმნა. სასტუმროს სახელწოდება “Lutetia” ძველი რომაული სახელიდან მომდინარეობს. ის არტ ნუვოსა და არტ დეკო სტილის უნიკალურ შერწყმას წარმოადგენს, რის გამოც მისი არქიტექტურა თავიდანვე გამორჩეული და სანახაობრივი იყო. Lutetia-მ წლების განმავლობაში უმასპინძლა არაერთ მნიშვნელოვან ფიგურას, მათ შორის  - პაბლო პიკასოს, ანრი მატისს, ჯეიმს ჯოისს, ერნესტ ჰემინგუეის, ანტუან დე სენტ ეგზიუპერს, ჟოზეფინ ბეიკერს და სერჟ გინზბურგს. 

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, პარიზის სხვა მრავალი ისტორიული სასტუმროს მსგავსად, Lutetia-მ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. პარიზის განთავისუფლების შემდეგ, ის საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებული ადამიანებისა და ოჯახების თავშესაფრად იქცა, რაც მის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. 2014-2018 წლებში სასტუმრო მასშტაბური რესტავრაციისთვის დაიხურა. ცნობილი არქიტექტორის - ჟან-მიშელ ვილმოტის ხელმძღვანელობით სასტუმროს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და 2018 წლის მაისში ხელახლა გაიხსნა ისტორიის პატივისცემით, ამავდროულად კი თანამედროვე და დახვეწილი დეტალებით.

სასტუმრო ახლა Mandarin Oriental Lutetia-ს სახელით იღებს სტუმრებს და სულ 184 ნომერს მოიცავს, მათ შორის 49 ლუქსს. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია Bar Joséphine, რომელიც ჯოზეფინ ბეიკერის სახელს ატარებს და Aristide Bar, რომელიც ხშირად მასპინძლობს ჯაზის საღამოებს. აქვეა Brasserie Lutetia - კლასიკური პარიზული ბრასერია და რესტორანი Le Saint-Germain. სასტუმროში მდებარეობს Akasha Spa, რომელიც აუზს, ფიტნესის სივრცეს, სალონს, სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურასა და თერაპიულ სესიებს აერთიანებს.