Dolce & Gabbana და Ray-Ban ახალ კოლაბორაციულ კოლექციას ქმნიან, რომელიც ორივე ბრენდის არსს - იტალიურ იდენტობას, გამორჩეულ დიზაინსა და ავთენტურობას გამოხატავს. კოლექციას მიეძღვნა კამპანია, რომელიც ფოტოგრაფ გრეი სორენტის ობიექტივით აღბეჭდილ სარეკლამო ფოტოებს აერთიანებს და მასში ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მონაწილეობს. კამპანია ზაფხულის, მოგზაურობის, სანაპირო ცხოვრების ენერგიასა და 1970-80-იანი წლების ნოსტალგიურ ხასიათს ასახავს. კოლაბორაციის მთავარი იდეა Ray-Ban-ის საკულტო Aviator მოდელის ახალი ინტერპრეტაციაა.
ეს თანამშრომლობა პატივს სცემს Aviator-ის მარადიულ დიზაინს, სილუეტს, რომელსაც თითქმის 90-წლიანი ისტორია აქვს. Dolce & Gabbana-ს დამფუძნებლებმა - დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ კლასიკურ დიზაინს ბრენდისთვის დამახასიათებელი დეკორატიული დეტალები დაამატეს და ის ახლებური სახით წარადგინეს. კოლექცია ორ ძირითად მოდელს მოიცავს: Shooter არქივიდან აღებული ვინტაჟური ელემენტებითაა გაფორმებული და ხელმისაწვდომია ნარინჯისფერი, ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი ფერის; რაც შეეხება Outdoorsman II მოდელს, მას ლურჯ, ვარდისფერ, კრემისფერ, ყავისფერ და მწვანე პალიტრაში ვხვდებით. სათვალეებს აქვთ ოქროსფერი მეტალის ჩარჩოები და ორივე ბრენდის ლოგოები. თითოეულ მოდელს მოჰყვება ექსკლუზიური ტყავის ჩასადები ქეისი, რომელიც ცალკე აქსესუარს წარმოადგენს და მარტივად მაგრდება ჩანთებსა და ქამრებზე.



დაწერე კომენტარი