პარიზის ხელოვნების კვირეულის ფარგლებში 21 ოქტომბერს ქართული დიზაინ-სტუდიის, Rooms Studio-ს ახალი გამოფენა, სახელწოდებით COLD WARM, გაიხსნა. ნატა ჯანბერიძის კონცეფციით შექმნილი ექსპოზიცია ავეჯს, ტექსტილსა და დიზაინის ობიექტებს აერთიანებს.

გამოფენა Rooms Studio-ს შემოქმედებითი ხედვის კიდევ ერთი საინტერესო გამოხატულებაა, სადაც დიზაინი მხოლოდ ფუნქციურ დანიშნულებას კი არ ემსახურება, არამედ ემოციური გამოცდილებისა და კულტურული მეხსიერების მატარებლად იქცევა. განსხვავებული ფაქტურების, ფორმებისა და მასალების ურთიერთქმედებით COLD WARM ქმნის გარემოს, რომელშიც ნაცნობი საგნები ახალ მნიშვნელობას იძენს, ხოლო ინტერიერი დამოუკიდებელ მხატვრულ ნარატივად გარდაიქმნება.

გამოფენის ფარგლებში პირველად არის წარმოდგენილი Marks of Time - Rooms Studio-ს მიერ იტალიური დიზაინ-ბრენდის, cc-tapis-ისთვის შექმნილი ხალიჩების ახალი კოლექცია. პროექტი ნაცნობ გრაფიკულ მოტივებს ხელით ნაქსოვ ტექსტილში გარდაქმნის და გამოსახულებას, მასალასა და ტრადიციულ ოსტატობას შორის ურთიერთობას იკვლევს. 

COLD WARM პარიზში, Services Continu-ის სივრცეში, 6 Rue Pecquay-ზე 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.