ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში ჯონათან ანდერსონმა Dior-ისთვის თავისი სადებიუტო კრუიზ-კოლექციის ჩვენება გამართა. კინემატოგრაფიულ სანახაობად გარდაქმნილ ჩვენებას LACMA-ს ახალმა სივრცემ - დევიდ გეფენის გალერეამ უმასპინძლა. 2026 წლის კრუიზ-კოლექცია ჰოლივუდის ესთეტიკითა და კინემატოგრაფიით არის შთაგონებული, რასაც ეხმიანება სივრცის დიზაინიც - ვინტაჟური, რეტრო მანქანები, ბენზინგასამართი სადგურის მსგავსი ინსტალაციები, მკვეთრი განათებები და კინოსტუდიის ატმოსფერო. ანდერსონი თავის ჩვენებებსა და კოლექციებში წლებია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის ერთ-ერთ მთავარ ინტერესს - კინოსა და ხელოვნებას. ჩვენებაზე მონაწილეობდა ქართველი მოდელი - ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი, რომელიც Dior-თან ადრეც თანამშრომლობდა.
ჩვენებამ გააერთიანა როგორც ქალის, ისე მამაკაცის ახალი კრუიზ-კოლექცია. ჯონათან ანდერსონი Dior-ის ყველა მიმართულებას ხელმძღვანელობს, ირლანდიელი დიზაინერი ქმნის ქალისა და მამაკაცის ყოველდღიურ, კრუიზ და მაღალი მოდის კოლექციებს. ნაქარგები, ბრჭყვიალა და გამჭვირვალე ქსოვილები, ყვავილებიანი დეტალებით გაფორმებული საღამოს კაბები და ქვედაბოლოები, კლასიკური პიჯაკები და ფერთა მრავალფეროვნება - ანდერსონმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მისი თვალით დანახულ თანამედროვე Dior-ს. ზოგიერთი მოდელი ატარებდა თავსაბურავს ფრაზებით - “Dior,” “star” და “buzz’’. აღსანიშნავია დიზაინერის პატივისცემა მემკვიდრეობისადმი და გაზეთის პრინტით გაფორმებული ბაგეტის ჩანთები, რომელმაც ჯონ გალიანოს ეპოქა მოგვაგონა.






დაწერე კომენტარი